„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს კანონი, მაქსიმალურად მშვიდობიანად ჩატარდეს ეს არჩევნები და ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა გუნდმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„დღეს გვქონდა შეხვედრა NDI-ს მისიის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდებიან. მადლობა გადავუხადეთ მათი მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყანაში მისიის წარგზავნისთვის. გამოვთქვით სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო გარემოზე, სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს კანონი, მაქსიმალურად მშვიდობიანად ჩატარდეს ეს არჩევნები და ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.