ახალგორის გამგებელი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე შესვლა-გამოსვლის საკითხი შედარებით შერბილებულია

640

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

რაიმე პროგნოზის და განცხადების გაკეთება, თუ რატომ აჭიანურებენ ე.წ. საშვების გაცემას, ძნელია, მაგრამ მათი გაცემა, როგორც მაქვს ინფორმაცია, ოსური ე.წ. კაგებეს მიერ ეტაპობრივად ხდება, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარისას განაცხადა.

თინიკაშვილის თქმით, ხელისუფლების ყველა სტრუქტურა, შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ოკუპანტებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალება.

ამასთან, როგორც ახალგორის გამგებელი ამბობს, ე.წ. საზღვარზე შესვლა-გამოსვლის საკითხი შედარებით შერბილებულია.

„სექტემბრის თვეში გაუვიდა ვადა ახალგორის მოსახლეობის ნაწილის ე.წ. პროპუსკებს.  ეტაპობრივად გასცემენ სამი წლის ვადით და ეს პროცესი მიმდინარეობს, როგორც ვიცი. თუმცა „პროპუსკები“ რომც გაცემული იყოს, ამის მიუხედავად, მოძრაობა მაინც ცალმხრივად ოსური მხარისა და ოკუპანტების მიერ შეზღუდულია. ახლა გადმოჰყავთ, იყო რამდენიმე შემთხვევა, გუშინწინ, გუშინაც გადმოიყვანეს ავადმყოფები, რომლებიც საჭიროებენ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურეობას. რამდენიმე აქედანაც შევიდა, ვინც სამკურნალოდ იყო გამოსული და გაიარა მკურნალობა. ცოტა შერბილებულია მათი მხრიდან შესვლა-გამოსვლის საკითხი. ზუსტად არ ვიცი, რამდენი გარდაიცვალა, მაგრამ რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა იყო, როდესაც არ მიეწოდა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა და გარდაიცვალნენ. იყო მარტიაშვილის შემთხვევა, იყო ერთი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა.

ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ხელისუფლების ყველა სტრუქტურა, შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ოკუპანტებთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ევალება და ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება. თითქმის ყოველკვირეულად იმართება შეხვედრა პრევენციების წინააღმდეგ მომუშავე კომისიისა ერგნეთში. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მიიღოს სამედიცინო დახმარება, ასევე საშუალება მიეცეს გადასვლა-გადმოსვლისა და პენსიის აღების“,- განაცხადა თინიკაშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ პრობლემებზე წერს, რაც ოკუპირებულ რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შემდეგ შეიქმნა.

ცნობისათვის, დეფაქტო რეჟიმმა ახალგორთან გამშვები პუნქტი 5 სექტემბერს ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც მათი ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.