ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობას, შესაძლოა, სამშენებლო კომპანიის დირექტორი ჩაუდგეს სათავეში

474

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობას, შესაძლოა, სამშენებლო კომპანიის დირექტორი ჩაუდგეს სათავეში. ინფორმაციას ადგილობრივ გამოცემა “რესიზე” დაყრდნობით რადიოთავისუფლება ავრცელებს.

დეფაქტო რესპუბლიკის “პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა 8 ივნისს ე.წ. პარლამენტს „მთავრობის მეთაურის“ თანამდებობაზე კონსტანტინ ჯუსოევის კანდიდატურის განხილვის წინადადებით მიმართა.

კონსტანტინ ჯუსოევი 54 წლისაა. მან 1989 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხინვალის ფილიალი „ლითონმჭრელი ჩარხებისა და ინსტრუმენტების“ სპეციალობით.

1993-2011 წლებში ჯუსოევი სამშენებლო კომპანია «Приличный-ს” გენერალური დირექტორი იყო, 2011 წლიდან კი სამშენებლო კომპანია „Мегаполис-ს” ხელმძღვანელობს.

ჯუსოევის კომპანიები მონაწილეობდნენ ცხინვალში რამდენიმე ობიექტის მშენებლობაში – საცხოვრებელი კორპუსი ტაბოლოვის ქუჩაზე, „სევერნის“ მიკრორაიონში, ასევე, სამთავრობო შენობები და უნივერსიტეტი, სამების მართლმადიდებლური ეკლესია.

ალან გაგლოევი ე.წ. “პრეზიდენტის უფლებამოსილებას“ 24 მაისს შეუდგა, ამავე დღეს გადადგა ე.წ. მთავრობა. დეფაქტო პრემიერის უფლებამოსილების შესრულებას გენადი ბეკოევი განაგრძობს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კონსტიტუციით“, “პრემიერს პრეზიდენტი ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობით“.