ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას მართავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარება დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაძაბულია. მომიტინგეები, რომლებიც რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ, შენობაში შეიჭრნენ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცავებთან შეტაკებისას, არიან დაზარალებულებიც.
შეგახსენებთ, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.