ახალციხის 2020 წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დამტკიცდა

983

ახალციხის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, პირველად ვერსიასთან შედარებით 500 000 ლარით მეტია. მერიამ საკრებულოს შენიშვნებიდან ოთხი სრულად, ორი კი ნაწილობრივ გაითვალისწინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გუშინ, 26 დეკემბერს, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით დამტკიცდა. სხდომას 33 დეპუტატიდან მხოლოდ 20 დაესწრო.

ბიუჯეტის განხილვის პროცესში, საკრებულომ მერიას დოკუმენტი ექვსი შენიშვნით დაუბრუნა. მათგან ორი ნაწილობრივ გაითვალისიწინეს, ოთხი კი სრულად.

საკრებულოს შენიშვნის საფუძველზე: სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის ფესტივალი „რაბათი 2020“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება; შემცირდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მუხლში შეკეთების ქვეპროგრამის დაფინანსება – 170 000 ლარით; ინფრსტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის არაფინანსური აქტივების მუხლი გაიზარდა 1 300 800 ლარით; მერიის ხარჯვით ნაწილში – ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით მოხდა შრომის ანაზღაურების შემცირება ჯილდოსა და დანამატის შემცირების ხარჯზე, სულ 212 200 ლარით; შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები – მივლინებისა და სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების – 62 100 ლარით; შრომის ანაზღაურების ფონდის 2% საპენსიო ფონდში შენატანების განხორციელებისთვის, სახელმწიფო მიდგომის შეცვლის შესაბამისად (თანხა გადაიხდება სახელმწიფო ხაზინიდან) შემცირდა 35 000 ლარი;

მერიამ ნაწილობრივ გაითვალისწინა საკრებულოს შენიშვნა ა(ა)იპ-ების სუბსიდიის მუხლში და თანხა ჯამურად 43 900 ლარით შემცირდა. ასევე, ნაწილობრივ მოხდა გათვალისწინება ბიუჯეტის პრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერისას მიეთითოს შესაბამისი მიზანი და მოსალოდნელი შედეგები.

:ექვსივე პრიორიტეტის მიხედვით, ხარჯები შემცირებულია 800 000 ლარით და აღნიშული თანხა მთლიანად მიმართულია მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში, რომელიც გამოყენებული იქნება შესაბამისი დანიშნულებით: როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, ასევე ძირითადი აქტივების შეძენისთვის, რადგან ყოველწლიურად საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, რომ მერიამ და საკრებულომ შეასრულოს საკუთარი ფუნქციები“, – განმარტა სხდომაზე მერიის ფინანსურმა კონსულტანტმა ვახტანგ თაქთაქიძემ.

მისივე თქმით, ახალციხის მუნციპალიტეტიმა ფინანსთან სამინისტროდან სპეციალური განკარგულების საფუძველზე, 400 000 ლარი მიიღო, რომლიც ასევე 2020 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს. სახელმწიფო ტრანსფერის გამოყოფა იმის გამო მოხდა, რომ მუნიციპალიტეტმა ქონების გადასახადის გეგმა ვერ შეასრულა. იგი 2 500 000 ლარით შემცირებულია.

“კერძო სექტორმა შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით შეამცირა დასაბეგრი ქონება, რითაც მოხდა ამ თანხის დაზუსტება. მაგრამ შემოსავლების მუხლში, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადია, 2 100 000 ლარით იზრდება ბიუჯეტი. ანუ 2 500 000 მილიონი დაგვაკლდა ქონებაში, 2 100 000-ით კი გაიზარდა დღგ-ს გადასახადი, მათი სხვაობა 400 000 სწორედ ფინანსთან სამინიტრომ სპეციალური ტრანსფერით შეგვივსო. რათა არ შეგვექმნას პრობლემები პრიორიტეტებისა და პროგრამების განხორციელებისას“.

საბოლოოდ, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 500 000 ლარით გაიზარდა: „15 500 000 გვქონდა პირველად წარმოდგენილი, 400 000 სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე გაიზარდა 100 000 საკუთარი შემოსავლებიდან“, – ამბობს თაქთაქიძე.

დღევანდელს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ: „ისინი ბოიკოტის რეჟიმით აგრძელებენ მუშაობას და რატომ არ გამოცხადდნენ არ ვიცი. ყველას ჰქონდა გადაგზავნილი დოკუმენტები და შეტყობინებაც ყველას მიუვიდა“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტი ერთხმად მიიღეს, მათ რაიმე დამატებითი შენიშვნა ან რეკომენდაცია არ დაუყენებიათ.  დოკუმენტის პირველადი ვერსიის განხილვა ნოემბერში მოხდა.