ფიქრია ჩიხრაძე – ვეტო არ არის თამაშის თემა

861

პრეზიდენტს მთელი პროცესის განმავლობაში კრიტიკული განწყობა ჰქონდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხზე დაგეგმილი ცვლილებების, ისე საარჩევნო კოდექსის კუთხით, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, მან, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოისმინა, პრაქტიკულად, ყველა პარტიის მოსაზრება, ასევე, არასამთავრობო სექტორის არგუმენტები ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩიხრაძის თქმით, საუბარი იმაზე, თუ რა მოსწონს და არ მოსწონს პრეზიდენტს, არ ხდება.

“უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას გააცნობს. ახალი არ არის თქვენთვის, რომ მთელ ამ პროცესში პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული განწყობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც თვითმმართველობის კუთხით, ისე საარჩევნო კოდექსის მიმართულებით. თავად გადაწყვიტეთ, რა მოლოდინი უნდა შეიქმნათ, იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა. ჩვენ პარტიებს ვეკითხებოდით დეტალურად, არის თუ არა რაიმე პოზიტიური მთელ ამ პროცესში, დაგვისახელეს გარკვეული მუხლები, თუმცა, ძალიან ბევრი იყო ნეგატიური არგუმენტი. ვიმსჯელებთ მათი მონათხრობიდან და შეჯერებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი წარმოადგენს”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყველა ვეტო პარლამენტმა დაძლია, არის თუ არა აზრს მოკლებული ვეტოს დადება, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ “პრეზიდენტის ვეტოს, სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური დატვირთვა აქვს”.

“ოპოზიცია ვერ ცვლის და ვერ იღებს კანონებს. მაშინ რატომ არსებობს ოპოზიცია? პრეზიდენტს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას, აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია და მოსაზრებები. პრეზიდენტს აქვს ინტრუმენტი, რასაც ჰქვია ვეტო და ის რომ არაფრისმომცემი და გამოუსადეგარი იყოს, კონსტიტუციაში არ იქნებოდა აღნიშნული”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს შეხვდნენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი