“ხის მოჭრა 500 ლარი, ბუჩქის მორთვა 1000 ლარი”-ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსი გამართა პარტია “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციამ.
“თავისუფალი საქართველოს” წევრმა, გოგი წულაიამ ბუჩქებთან პლაკატები მიიტანა წარწერით — “ფრთხილად! კულტურული მემკვუდრეობის ძეგლია!”
ამ ფორმით წულაია ქუთაისის მერიის ზედამხედველოსბის სამსახურის მიერ მისი და მოძრაობა გაბედეს აქტივისტის 1000 ლარით დაჯარიმებას გამოხმაურა.
როგორც წულაია აცხადებს, მერიის ეს გადაწყვეტილება “უგუნურებაა”.
აქციას მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები შეუერთდნენ.
“ქუთაისის მერმა კიდევ ერთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღო და გამოწერა ჯარიმა ბუჩქებზე ფოტოების დაკიდების გამო, თურმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილა. ვაფრთხილებთ მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ ბუჩქებს, თორემ დაჯარიმდებიან. სასაცილოა, ხის მოჭრა 500 ლარი ღირს, ბუჩქზე ფოტოს დაკიდება 1000 ლარი”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ცნობისათვის, ქუთაისში მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტი და პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წუალაია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ისაა, რომ მათ ბუჩქზე პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათამაშოები დაკიდეს.
გაბედეს აქტივისტები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ, რადგან, მათი აზრით, ეს მათი დაშინების მცდელობა და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ჯარიმა კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთების თვითნებურად განთავსების გამო დაიწერა, რაც ადმინისტრაციული კოდექსის 151-ე მუხლის მესანე ნაწილის დარღვევას წარმოადგენს.
“ეს სურათები და პლაკატები ჩვენთან შეუთანხმებლად გაზონებსა და ნარგავებზე დაკიდეს. ეს მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში. არის სპეციალური მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა”, — განაცხადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა.
11 დეკემბერს მოძრაობა გაბედეს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამართალდაცველებმა მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე ქართული ოცნების პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათაშოების დაკიდების უფლება არ მისცეს. პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ აქტივისტებმა სურათები იქვე მდებარე ბუჩქებზე დაკიდეს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაჯარიმების ოქმი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.