ქუთაისში “ბუჩქების საქმეზე” “გაბედეს” აქტივისტი 2 თვის შემდეგ ათასი ლარით დააჯარიმეს

845

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქუთაისში ცნობილი “ბუჩქების საქმეზე” კიდევ ერთი აქტივისტი დააჯარიმეს. მერიამ “გაბედეს” აქტივისტს მიხეილ გეგეშიძეს ათასლარიანი ჯარიმა გამოუწერა. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ამის შესახებ ნიუპოსტი წერს. 

მიხეილ გეგეშიძის თქმით, მერიამ მისი დაჯარიმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მერიის წინ გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

“2 თვის წინანდელ საქმეზე ახლა მომივიდა ათას ლარიანი ჯარიმა. ეს საქმე მას შემდეგ გაახსენდათ, რაც მერიის წინ გამართულ აქციაში მივიღე მონაწილეობა. ეს არის შერჩევითი სამართალი, დასდევენ ყველა ახალგაზრდას, ვინ ხელისუფლებას უპირისპირდება. ცდილობენ, თავიანთი ჯარიმებით შეგვაშინონდა სახლში დაგვაჯინონ, მაგრამ არ გამოუვათ”-განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ.

“გაბედეს” წევრის ადვოკატის ვალერი თევდორაძის განცხადებით, მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი.

“ჯარიმა  ადმინისტრაციული კოდექსის  150-ე მუხლის მესამე ნაწილით 1000 ლარს ითვალისწინებს, რაც არაა მცირე თანხა, გადაწყვეტილება მიხეილ გეგეშიძის გააქტიურებას უკავშირედება”- განაცხადა ვალერი თევდორაძემ.

სასამართლოში მერიის ინტერესებს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ზვიად წაქაძე იცავდა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ოქმი გასული წლის 11 დეკემბერს გამოიწერა, სასამართლომ კი სხდომა ახლა ჩანიშნა.

“ეს ოქმი იყო შედგენილი 2019 წლი8ს 11 დეკემბერს და სასამართლოსაც მაშინვე გაეგზავნა, უბრალოდ, სასამართლომ სხდომა დანიშნა დღევანდელ დღეს”, -განაცხადა ზვიად წაქაძემ.

საქმეზე განაჩენი 4 მარტს გამოცხადდება.

შეგახსენებთ,  11 დეკემბერს მოძრაობა “გაბედეს” და “შეცვალეს” წევრებმა ქუთაისში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე “ქართული ოცნების” ლიდერების ფოტოების ჩამოკიდება ცადეს, რისი უფლებაც  მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა და სამართალდაცველებმა  არ მისცეს. ამის  შემდეგ აქციის მონაწილეებმა “ბიძინას სათამაშოები” ბუჩქებზე დატოვეს.

საქმესთან დაკავშირებით,  მერიამ  რამდენიმე პირი დააჯარიმა ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც კულტურული მემკვიდრეობის იერ-სახის დამახინჯებას კრძალავს. 3 თებერვალს კი აქტივისტებმა აქცია მერიის წინ გამართეს.  საქმესთან დაკავშირებით მიხეილ გეგეშიძეს მერიამ 500 ლარით დაჯარიმება განუსაზღვრა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.