ქუთაისში, მოძრაობა “გაბედეს” და “შეცვალეს” წევრებს ნაძვის ხეზე “ოცნების” ლიდერების ფოტოების ჩამოკიდების უფლება პოლიციამ არ მისცა

581

სტატიის გაგრძელება

ქუთაისში მოძრაობა “გაბედეს” და “შეცვალეს” წევრები მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებულ ნაძვის ხეზე “ქართული ოცნების” ლიდერების ფოტოების ჩამოკიდებას შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“გაბედეს” წევრებს პერფორმანსზე მიტანილი ჰქონდათ “ქართული ოცნების” წევრების გამოსახულებიანი სიმბოლური სათამაშოები, რითაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა უნდოდათ.

“ესენი არის ბიძინას სათამაშოები, რომელსაც ბიძინა ათამაშებს, რასაც ის  ეუბნება, იმას ასრულებენ.  ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თუ არ მოგცემენ ნაძვის ხის მორთვის საშუალებას, ქალაქში მდებარე ყველა ბუჩქი “ბიძინას სათამაშოებით” მოირთვება” – ამბობს “გაბედეს” აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე.

მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა ფოტოების განთავსების უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ფოტოები ბუჩქებზე დატოვეს.

სამართალდაცავების თქმით, აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.