შემდეგი სტატია
ეს საფეხბურთო კლუბი “საპოვნელაა”, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს ა(ა)იპ-ის სახით დააფუძნა და 2016 წლის ჩათვლით, თავად აფინანსებდა. მისი გენერალური დირექტორს კი მუნიციპალიტეტის მერი ნიშნავდა. 2017-2018 წლებში, როდესაც სახელმწიფომ “ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი” შექმნა, ეს კლუბიც, სხვების მსგავსად, დაფინანსებას უკვე ამ ფონდიდან იღებდა. თავად ფონდის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს მაინც მუნიციპალიტეტები წარმოადგენდნენ, თუმცა, ეს სხვა სტატიის თემაა, რომელსაც droa.ge მოგვიანებით მიუბრუნდება. ნიშანდობლივია, რომ 2016 წელს კლუბი “საპოვნელა” უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო მომდევნო წელიწადნახევარში 3 საფეხურით დაქვეითდა და საბოლოოდ, ფუნქციონირებაც შეწყვიტა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, 2017 წელს, ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების გარდა, კლუბისთვის ასანაზღაურებელი ხარჯები, სასამართლოს წესით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც გაიცა. უწყება მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მერის და კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ქმედებითა და უმოქმედობით, მუნიციპალიტეტს დიდი ოდენობით მატერიალური და არამატერიალური ზიანი მიადგა.
რას ედავება აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტს?
როგორც უწყება წერს, ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ 2017 წელს გამოეყო 250.0 ათასი ლარი, რომლის შესახებაც კლუბის ხელმძღვანელობა საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იყო ინფორმირებული. შესაბამისად, ხელმძღვანელობას ბიუჯეტი უნდა დაეგეგმა გამოყოფილი
თანხის ფარგლებში და დასამტკიცებლად წარედგინა მუნიციპალიტეტის მერისათვის.
2017 წლის 3 იანვარს, კლუბის გენერალურმა დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერს
შესათანხმებლად წარუდგინა 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავდა 3 დოკუმენტს. აღნიშნულ 3 დოკუმენტში რამდენიმე პარამეტრი იყო საერთო, თუმცა, რიცხობრივი
მაჩვენებლები განსხვავებულად იყო ასახული და არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. პირველი
დოკუმენტი − დაფინანსების პროგრამა, გათვლილი იყო 250.0 ათას ლარზე. აქედან, 26.9
ათასი ლარი უნდა გამოყენებულიყო წინა წლის დავალიანების დასაფარავად, ხოლო
დანარჩენი 223.1 ათასი ლარით უნდა დაფინანსებულიყო კლუბის მიმდინარე წლის
ხარჯები.
223.1 ათასი ლარიდან შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 51.6 ათასი ლარით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა, მათ შორის, ფეხბურთელების, ანაზღაურება − 151.0 ათასი ლარით. დანარჩენი 20.5 ათასი ლარი განსაზღვრული იყო მივლინებების, ოფისის, კომუნალური და სხვა
მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მეორე დოკუმენტით მერმა შეითანხმა კლუბის
საშტატო განრიგი, რომლის მიხედვითაც, შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო 69.0
ათასი ლარით, ხოლო მესამე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშე მოსამსახურეებთან
გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება შეადგენდა 366.8 ათას ლარს.
“კლუბს, ხელფასის გარდა, ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება სხვადასხვა ხარჯი, როგორიცაა, მივლინების, კვების, ფეხბურთელების საცხოვრებელი ფართის იჯარის, მათი ეკიპირებისა და სხვა ხარჯები. პასუხისმგებელი პირის განმარტებით ირკვევა, რომ აღნიშნული ხარჯები თვის განმავლობაში დაახლოებით 15.0 ათას ლარს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 180.0 ათასი ლარია. შესაბამისად, ა(ა)იპ-ს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხარჯების სრულად დასაფინანსებლად ესაჭიროებოდა, მინიმუმ, 615.0 ათასი ლარი, მაშინ, როცა ფონდისგან მისაღები შემოსავალი 250.0 ათას ლარს შეადგენდა”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
უწყება ამბობს, რომ წლის განმავლობაში მისაღებ რესურსებზე მეტი ოდენობით ხარჯების
დაგეგმვა თავიდანვე წარმოშობდა რისკს, რომ კლუბს მიადგებოდა დიდი ოდენობით
ფინანსური ზარალი, თუმცა, როგორც ირკვევა, სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ გასაწევ ხარჯებსა და მისაღებ შემოსავლებს შორის სხვაობა დაფინანსებულიყო სპონსორისაგან მიღებული თანხებით.
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სპონსორთან შეთანხმება არ შედგა, კლუბმა დაფინანსების სხვა წყარო ვერ მოიძია, მხოლოდ ფონდის მიერ გამოყოფილი თანხის ამარა დარჩა, სრულად ვერ ფარავდა მიმდინარე თვეების ხარჯებს, რის გამოც მას დავალიანება დაუგროვდა. “მიუხედავად ამისა, მერიამ და კლუბის ხელმძღვანელობამ არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები, რათა შეემცირებინა დაგეგმილი ხარჯვა, მათ შორის, თავიდან აეცილებინა ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილი”, – აცხადებს აუდიტის სამსახური.
უწყების მიერ მოძიებული ინფორმაციით, კლუბ “საპოვნელას”, სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების მოთხოვნით, 33-მა თანამშრომელმა უჩივლა, მათ შორის, ორგანიზაციის
დირექტორებმაც, რომელთა პირდაპირ მოვალეობასაც კლუბში ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება წარმოადგენდა.
როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?
როგორც აღმოჩნდა, კლუბს არ ჰყავდა იურისტი და შესაბამისად, სასამართლო პროცესებზე მის ინტერესებს არავინ იცავდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო მერი და იურიდიული სამსახური, თუმცა, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მერიას ა(ა)იპ-ის ინტერესების დასაცავად არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია. “უფრო მეტიც, თანამშრომელთა გამოკითხვით გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტი ურჩევდა გათავისუფლებულ მოხელეებს, მიემართათ სასამართლოსთვის. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტი შეგნებულად არ იცავდა ა(ა)იპ-ის ინტერესებს სასამართლო პროცესებზე”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
საბოლოოდ, ყველა სასამართლო პროცესი მოსარჩელეების სასარგებლოდ დასრულდა და ა(ა)იპ-ს 179.8 ათასი ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
მუნიციპალიტეტმა იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე ეკუთვნოდა
აღმოჩნდა, რომ კლუბის ყოფილ თანამშრომლებს იმაზე მეტი თანხა აუნაზღაურდათ, ვიდრე მათ წინაშე დაგროვილი დავალიანება იყო. როგორც აუდიტის სამსახური ამბობს, კლუბის ხელმძღვანელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ა(ა)იპ-ს წლის ბოლოს დავალიანების სახით 57.0 ათასი ლარი ერიცხებოდა, მაშინ, როცა სასამართლოს გზით მას 179.8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
უწყების ცნობით, როდესაც ფეხბურთელი სხვა გუნდში გადადიოდა, მასთან ფორმდებოდა შეთანხმების აქტი, რომელშიც მითითებული იყო მის წინაშე კლუბის დავალიანების ოდენობა. გათავისუფლებულ თანამშრომლებს სასამართლო პროცესის შედეგად კი იმაზე მეტი ოდენობით თანხა აუნაზღაურდათ, ვიდრე ეს შეთანხმების აქტში იყო დაფიქსირებული.
იმის დასადგენად, რეალურად ჰქონდა თუ არა საფეხბურთო კლუბს ყოფილი თანამშრომლების წინაშე ამხელა დავალიანება, აუდიტის ჯგუფმა ა(ა)იპ-ისაგან პირველადი დოკუმენტები გამოითხოვა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საფეხბურთო კლუბის დოკუმენტაცია სრულად არ არის დაცული არც მუნიციპალიტეტში და არც – შესაბამის საარქივო სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, მსგავსი დოკუმენტაცია 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს შენახული და დაცული.
“მოწოდებული ინფორმაციიდან, აუდიტის ჯგუფმა მხოლოდ ორი ფეხბურთელის შემთხვევაში შეძლო გაფორმებული შეთანხმებისა და გადახდილი თანხების შედარება. კერძოდ, ორი ფეხბურთელის მიმართ კლუბს ჰქონდა 4.3 ათასი ლარის სახელფასო დავალიანება, ხოლო სასამართლო განჩინების საფუძველზე აუნაზღაურდათ 19.0 ათასი ლარი. სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ფეხბურთელების მიერ სასამართლოში სარჩელი წარდგენილია და მოთხოვნილია მთელი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მისაღები თანხები. აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელები იმ პერიოდისათვის უკვე თამაშობდნენ სხვა გუნდებში. იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ-ის ინტერესები იქნებოდა დაცული სასამართლო პროცესზე და წარდგენილი იქნებოდა ფეხბურთელებთან გაფორმებული შეთანხმების აქტები, სასამართლო, სავარაუდოდ, აღარ მიიღებდა აღიარებულ ვალდებულებაზე მეტი ოდენობით თანხების დაკისრების გადაწყვეტილებას.
გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საფეხბურთო კლუბის პირველადი დოკუმენტების მოწოდება, აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო დავალიანებებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების გამოანგარიშება, თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლების მიხედვით. თუმცა, ვინაიდან თანამშრომლების გათავისუფლების და სასამართლო პროცესები წარიმართა მსგავს გარემოებებში და ა(ა)იპ-ის ინტერესები დაცული არ იყო შესაბამისი წარმომადგენლების მიერ, დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენისა და შესწავლის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ზედმეტად გადახდილი თანხების მოცულობა”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
საფეხბურთო კლუბისთვის დაკისრებული თანხები მუნიციპალური ბიუჯეტიდან ანაზღაურდა
როგორც აღმოჩნდა, იმის გამო, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის საფეხბურთო კლუბს საკმარისი ფინანსური რესურსი აღარ გააჩნდა, მოსარჩელეების დასაკმაყოფილებლად, სააღსრულებო
ფურცლის საფუძველზე, თანხა ხაზინაში არსებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთიანი ანგარიშიდან ჩამოიჭრა. მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო ხაზინისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და არასწორად ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.
დამატებით გადახდილი 66.9 ათასი ლარი
აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან, აგრეთვე, ირკვევა, რომ 2017-2018 წლების გარდა, 2016 წელს 4 ყოფილ თანამშრომელზე დარღვევით გადახდილია 66.9 ათასი ლარიც.
“2016 წელს მოქმედმა დირექტორმა 1 მარტს (პოსტიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე – რედ.) თანამდებობიდან გაათავისუფლა ოთხი თანამშრომელი. გათავისუფლების მოტივად მითითებულია, რომ ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. თუმცა, აღნიშნული მიზეზი ვერ ჩაითვლება სათანადოდ დასაბუთებულად, რადგან: თუ თანამშრომლებისთვის საქმიანობა საფრთხის შემცველი იყო, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს უნდა გაეტარებია სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მიემართა სამართალდამცავი ორგანიზაციებისათვის, რაც არ განუხორციელებია.
გათავისუფლებულ თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები იყო ერთწლიანი და შეიცავდა ა(ა)იპ-ის ინტერესებისათვის საზიანო პირობებს. კერძოდ, ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, გარდა ნამუშევარი დროისათვის შესაბამისი ხელფასის გაცემისა, ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს სახით, ერთჯერადად, მთლიანი წლიური სახელშეკრულებო ღირებულების გადახდას. რამდენადაც კლუბის დირექტორმა არაარგუმენტირებულად განახორციელა ოთხივე თანამშრომლის გათავისუფლება, მათი სარჩელის საფუძველზე, კლუბს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ჯამში 66.9 ათასი ლარის ოდენობით”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
უწყება თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კლუბის დირექტორი მოქმედებდა ა(ა)იპ-ის ინტერესების საზიანოდ. შედეგად, ზიანი მიადგა როგორც საფეხბურთო კლუბს, ისე მუნიციპალიტეტს.
რას ითხოვს სახელმწიფო აუდიტის სამსახური?
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობის ქმედებებითა და უმოქმედებით კლუბის საქმიანობა წარიმართა არაჯეროვნად. შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის ეტაპზე ვერ
უზრუნველყვეს სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მიიღეს არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც, საფეხბურთო კლუბმა შეწყვიტა
ფუნქციონირება, ხოლო მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ზიანი.
როგორც ირკვევა, 2016-2017 წლებში ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ საპოვნელაში შეიცვალა 5 დირექტორი, ხოლო მუნიციპალიტეტში – 2 მერი (2017 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად – რედ). აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოებები აღნიშნული პირების მიერ მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულების პროცესში განხორცილებული ქმედებებით ან/და უმოქმედობით არის გამოწვეული.
უწყება ითხოვს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ განიხილონ ა(ა)იპ −
საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ მიერ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობა, იმსჯელონ ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, გამოავლინონ პასუხისმგებელი
პირები და მათ მიმართ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.
მერიამ, ასევე, შეისწავლოს კლუბის პირველადი დოკუმენტაციის შენახვისა და დაცულობის საკითხი, გამოავლინოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, ვისაც
ევალებოდა დოკუმენტაციის სათანადოდ შენახვა, თუმცა, ეს ვერ უზრუნველყო.