საკრებულოს დაცვის სამსახურს და საპატრულო პოლიციას კუხიანიძის კაბინეტში მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ძალით გაჰყავთ

1028

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საკრებულოს დაცვის სამსახურს და საპატრულო პოლიციას კუხიანიძის კაბინეტში მყოფი სამოქალაქო აქტივისტების ძალით გაჰყავთ. მოძრაობის “შეცვალე” წარმომადგენლები და საკრებულოს ოპოზიციური წევრები ამ წუთებში კუხიანიძის სამუშაო ოთახში იმყოფებიან და ელოდებიან, როდის მივა “ქართული ოცნების” დეპუტატი სამსახურში. ისინი ცდილობენ, მის კაბინეტში კარავი გაშალონ და პროტესტი ასე გააგრძელონ. აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

დაცვის სამსახურმა შენობიდან გაიყვანა საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი, ხოლო ელენე ხოშტარია საკრებულოს შენობაში არ შეუშვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს. გუშინ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” დღეს იმსჯელებდა, თუმცა, მმართველ პარტიას საკრებულოში ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. თავად კუხიანიძემ გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.