საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლების – როდინაულისა და ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2020 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხდება.
სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის დაწყებამდე, არსებული გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია როდინაულის და ობჩის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი ცემენტო-ბეტონის გზის დაგება. მოეწყობა სამი მოსაცდელი, მიერთებები, ხელოვნური ნაგებობები და საგზაო ნიშნები. აშენდება საყრდენი კედელი.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება.