საკრებულოში, “ოცნების” დეპუტატ კუხიანიძის კაბინეტთან აბრა ჩამოხსნეს

652

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა, გადახაზა და „ღორი“ და „ნაძირალა“ დააწერა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოდან უნდა გააგდონ.

„ეს არის პროტესტი. ეს კაცი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ვაჟა გაფრინდაშვილს, მუშაობს კიდევ საკრებულოში. ამიტომ ცხადია, ეს არის მისი მოგლეჯვის სიმბოლური ფორმა. არ ეკუთვნის, რომ ეს ეკიდოს თბილისის საკრებულოში და აღარ ეკიდება. ის უნდა იყოს გაგდებული საკრებულოდან. ამ ბანერის ჩამოგლეჯვისას, რა თქმა უნდა, შემექმნა პრობლემა. ჯერ სცადეს, რომ საკრებულოში არ შევეშვი, მერე კუხიანიძის კაბინეტთან, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ტყემალაძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ პოლიციას მოქალაქეებისთვის ხელები არ აგრეხინა და საბოლოო ჯამში ოთახში მიგვიღო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც თბილისის საკრებულოსთან მივიდნენ და ითხოვენ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ მანდატი დატოვოს, შენობაში შეუშვეს.

მათ შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძესთან გამართეს.

შენობაში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, ელენე ხოშტარიაც.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.

“დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ”, – ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს.