ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სამზადისი დაიწყო. ამის შესახებ სპექტრი.გე წერს.
როგორც გამოცემასთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორმა, ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, პირველი ღონისძიება 25 დეკემბერს გაიმართება.
„გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები, რომელიც 25-31 დეკემბერს ჩატარდება. გვსურს ჩვენი მუნიციპალიტეტი გამორჩეულად შეხვდეს ახალ წელს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი. 25 დეკემბერს მოეწყობა საახალწლო ქალაქი და აინთება მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიებები მთავარ ქუჩაზე 3 საათზე დაიწყება. იქნება დრამშოუ, საბავშვო პროგრამები, ქუჩის მარკეტი და სხვა, ხოლო ნაძვის ხე დაახლოებით შვიდი საათისთვის აინთება. შემდეგი აქტივობები 31 დეკემბერს სამი საათიდანაა დაგეგმილი. ამ დღესაც გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში საშუალება ექნება ისიამოვნოს და ღია ცისქვეშ შევხვდეს ახალ წელს.“
მისივე თქმით, წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის 50-დან 60 ათას ლარამდე დაიხარჯება.
„საახალწლო ღონისძიებებისთვის 60 ათას ლარამდეა განსაზღვრული. რადგან გურჯაანი საფესტივალო ქალაქია, კულტურის ცენტრმა მერიასთან შეთანხმებით ასევე გადაწყვიტა შეიძინოს ვინტაჟური განათება, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება. ამისთვის ცალკე თანხაა გათვალისწინებული. “
მისივე განმარტებით, განათება მომავალში სხვადასხვა ღონისძიებისთვის იქნება გამოყენებული.