აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურებას, კონტრაქტორი კომპანიის „გამოწვევებით“ ხსნის. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ავტონომიის მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაჩქარდეს.
“ხულო-ზარზმის გზასთან დაკავშირებით ადგილობრივებისა და ტურისტების შენიშვნები მიღებულია. მერწმუნეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ კონკრეტული ქმედებები არ გაგვეხორციელებინა ამ პროექტთან მიმართებაში. შევძელით ის, რომ ზაფხულში კონტრაქტორმა დაიწყო მობილიზება. კონტრაქტორს გააჩნია რიგი გამოწვევები, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური და ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ ეს პროგრესი იყოს ხელშესახები და დავასრულოთ იმ ვადებში, რაც იყო კონტრაქტით გათვალისწინებული.
თუმცა არის საკითხები, რომლებიც ისე ოპერატიულად ვერ წყდება, როგორც ვისურვებდით”- აცხადებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მისივე თქმით, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მსენებლობას, განსაკუთრებული მნიშცნელობა აქვს კურორტ გოდერძის სამომავლო განვითარებაზე. თორნიკე რიჟვაზე ამბობს, რომ ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფი კურორტის ფორმირებაზე მუშაობა, ამ დრომდე მიმდინარეობს, განსაკუთრებით უსაფრთხოების მიმართულებით.
“არის ჯერ კიდევ განვითარებადი კურორტი, რამდენიმე წელი დასჭირდება მის საბოლოო ფორმირებას, რომ ის გახდეს მსოფლიო დონის და კლასის კურორტი. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ რიგ ღონისძიებებს. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების ნაწილი და ამ მიმართულებით ყველა უწყება ვკორდინირებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის შესაძლებლობა და შესაბამისი პუნქტები. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული პროექტები გვაქვს, რომელთა განხორციელებასაც მალე დავიწყებთ. ასევე გაზიფიცირება. ჩვენ წელს ყველანი ერთად ავანთებთ გაზს კურორტზე”- ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ხელშეკრულებით, გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. მიუხედავად დარჩენილი მცირე ვადებისა, მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს და უშუალოდ გზის დაგება არ დაწყებულა.
29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე კი, ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ პროექტი ნელი ტემპით მიმდინარეობს და სახელმწიფო სამუშაოების დასაჩქარებლად ყველა მექანიზმს გამოიყენებს.
ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანია ,,ტოდინში” განმარტავენ, რომ სამუშაოები ამ ეტაპზე ორ ადგილზე – მერვე და ოცდამეერთე კილომეტრზე მიმდინარეობს.