მდინარაძე: ხუნდაძესთან და ამერიკულ სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებთან შეთანხმება შედგება

955

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდში შეთანხმება შედგება, შეთანხმების საგანს კი რამდენიმე დღეში გააცნობენ საზოგადოებას.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს შეთაბხმება იმის საფუძველი გახდება, რომ დიმიტრი ხუნდაძე თავის ინიციატივასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებს.

„დღეს ვისაუბრეთ სამ თემაზე-პირველი თემა შეეხებოდა ჩვენს შეთავაზებას მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ამერიკულ სისტემაზე გადასვლაზე ხელმოწერების შეგროვებას ცდილობენ. ჩვენს პოზიციებს შორის პრინციპული თანხმობა არის, მაგრამ ვიდრე ტექნიკურ დეტალებს არ შევაჯერებთ, გადაწყვეტილებას ვერ გავახმაურებთ“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე 6 დეკემბერს აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებდა“.

მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას აპირებდა. საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკული მოდელია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ორპალატიანი გახდება და დეპუტატები მაჟორიტარული პრინციპით აირჩევიან.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ოპოზიციამ პარლამენტში ე,წ, გერმანული მოდელის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა.