სოფო კილაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ აქცია იმართება

555

ნაძალადევის რაიონში სოფო კილაძის სადეპუტატო ოფისთან მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

აქციის მოანაწილეები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ კილაძე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, კომენტარს არ აკეთებს იმ ფაქტებზე, რომლებიც ბოლო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოხდა.

აქტივისტებმა ბიუროში სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს. მათი თქმით, აქციებზე მათი უფლებები დაცული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავენ.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობებმა “სირცხვილია”, “შეცვალე” და “გაბედე” საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელები აღარ იცავენ დემონსტრანტებს და გვერდზე გადგნენ. დემონსტრანტები პოლიციელებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბოლო დღეებში რეგიონებში გამართულ აქციებზე მომხდარ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, პოლიციას არავინ დაუკავებია. საუბარია კონტრაქციების მონაწილეებზე.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

14 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და საჯარო უწყებების “დაბოქლომება” დაიწყეს ოპოზიციამ და საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონებში აქციები ოპოზიციის, კერძოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგაც იმართება. კონტრაქციის მონაწილეები “ნაცმოძრაობას” აპროტესტებენ და სკანდირებენ “არა მიშა”-ს.