დაპირისპირება მცხეთის მერიასთან – უდუმაშვილს ცოცხი და ბოთლი ესროლეს, პოლიციამ “ოცნების” მხარდამჭერი დააკავა

692

მცხეთაში, მერიის შენობასთან, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისიც მდებარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი აპროტესტებენ ამ ადგილას გუშინ, ორშაბათს მომხდარ ძალადობას ახალგაზრდული მოძრაობა “გაბედეს” წევრების წინააღმდეგ.

შენობასთან შეკრებილები არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები. ოპოზიციის ლიდერების სიტყვით გამოსვლები შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციის კორდონია განთავსებული, მიუხედავად ამისა, რამდენიმეჯერ დაპირისპირება მაინც მოხდა.

“ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს „კოკა-კოლას“ ბოთლი და ცოცხი ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზაალ უდუმაშვილი, პირდაპირ ეთერში კომენტარს აკეთებდა. გარდა ამისა, “ოცნების” აქტივისტებმა გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და უცენზურო სიტყვებით მიმართავენ.

“ხელი აიწიეთ აბა, რომლებმა ცემეთ გუშინ ბავშვები? სამარცვინოებო”, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “კონტრაქციის მონაწილეებს.

ასევე იყო დაპირისპირების რამდენიმე სხვა შემთხვევაც. ერთ-ერთი დაპირისპირებისას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა გამოსვლა და იმ მხარეს გადასვლა შეძლო, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, ამის შემდეგ კი მმართველი გუნდის აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

2 დეკემბერს მცხეთაში, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან აქციაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ადამიანი დააკავა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელმაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. პროპორციულის ჩაგდებას თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.