გიორგი ვაშაძე: რეგიონებში საპროტესტო აქციები დაიწყება

542

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რეგიონებში საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა. მისი თქმით, აქციები ექვს დეკემბერს ქუთაისიდან დაიწყება.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს ქუთაისში ოპოზიციის პირველი აქცია გაიმართება და პროტესტი რეგიონებს მოიცავს.

“მომავალ კვირაში რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, ორ საათზე გვექნება დიდი მსვლელობა – აქცია ქუთაისში. ველოდებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს, სავარაუდოდ, სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს – ეს ალტერნატივებია. არ ვიცით, “ქართული ოცნება” როდის იზამს. უკვე იგზავნება დოკუმენტი ეუთო-ში, ოდირში და შესაბამისად, მათი პასუხი რაც იქნება, ამასთან არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უნდა ვიცოდეთ, ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისი”,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება პიკეტირებას, ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეების საკითხის განხილვის დღეს დაიგეგმება და სავარაუდოდ, ეს მომავალ კვირაში იქნება.