საჯარო რეესტრში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში, საპატრიარქოსა და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების საკუთრებაში, ჯამში, სხვადასხვა კატეგორიის 523 ჰექტარი ნაკვეთია. მიწების უმეტესობა საპატრიარქოს სახელმწიფოსგან კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, უსასყიდლოდ აქვს მიღებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ნაკვეთების უმეტესობა, 477.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. არასასოფლო ნაკვეთებზე კი ძირითადად ტაძრები, ან ტაძრის ნანგრევებია. ასეთი მიწა ჯამში 45.25 ჰექტარია.
სამცხე-ჯავახეთში, ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი საპატრიარქოს ახალციხის მუნიციპალიტეტში აქვს. 447.8 ჰექტრიდან 319 სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი სოფელ მინაძეში მდებარეობს, აბის ტერიტორიაზეა ასეთი 97.2 ჰექტარი, ხოლო ღრელში, ანდრიაწმინდასა და ჭაჭარაქში 31.6. ნაკვეთების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში საქართველოს საპატრიარქოა მითითებული.
ადიგენის მუნიციპალიტეტში საპატრიარქოს საკუთრებში 28 მიწის ნაკვეთი იძებნება – სულ 18.8 ჰექტარი. აქედან სასოფლოა 7.83, დანარჩენზე კი ეკლესია მონასტრებია თავისი მიმდებარე ტერიტორიებით. მათ შორისაა სადავო მიწები დერცელსა და კიკიბოში, სადაც ადგილობრივები საპატრიარქოს მიწის უკანონოდ დასაკუთრებას ედავებოდნენ. სასამართლომ კი საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ასპინძაში საპატრიარქოს მფლობელობაში 17.1 ჰექტარი მიწაა, ბორჯომში – 7.23.
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, საპატრიარქოს საკუთრებაში 7.5 ჰექტარია. გარდა ამისა, სოფელ საღამოსა და ასფარაში, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრის, (რომლის მესაკუთრეც საპატრიარქოა) მფლობელობაშია კიდევ 11.97 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
ჩვენს მიერ საჯარო რეესტრში მოძიებული ეს მონაცემები, შესაძლო სრულად არ ასახავდეს არსებულ მდგომარეობას: საჯარო რეესტრში, საქართველოს საპატრიარქო რამდენიმე სახელითაა მოხსენიებული; ისეთი შემთხვევებიც გვხვდება, როდესაც ნაკვეთი საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ სხვადასხვა იურიდიულ პირზეა დარეგისტრირებული, რის გამოც სრული მონაცემების მოძიება რთულდება. „სამხრეთის კარიბჭემ“ საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან ჯერ კიდევ 29 სექტემბერს გამოითხოვა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.