როცა არ არის ხალხის რაოდენობა და გზა არის გადაკეტილი, ეს არის კანონდარღვევა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება არის დანაშაული, ცდება კანონის ფარგლებს და ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერ შეუზღუდავს ვერავინ, ეს „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდეგ მოიპოვა.
„ნებისმიერ ადამიანს ქვეყანაში, რაოდენ კრიტიკული მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეს, აქვთ შესაძლებლობა გამოხატოს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მშვიდობიან ფორმაში, კანონიერების გზით. თუ ისინი გაცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება რეაგირება. სანამ ბლოკირებაზე რეაგირება მოხდებოდა, ამ ადამიანებს მიმართეს, გადაეტანათ თავისი ნივთები. რამდენიმე ქუჩაზე გადაიტანეს კიდეც, ერთი კონკრეტული ქუჩა იყო, სადაც არ მიიღეს ეს მიმართვა,“ – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას და მისი ბლოკირების უფლება არ მიეცემა არავის.
„შეთავაზებას რაც შეეხება, ეს იყო ჩვენ გუნდის მიერ გაკეთებული განცხადება. ჩვენთვის ყველაზე სენსიტიური თემა არის ის, რომ პატარა პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა. იმით, რა შეთავაზებაც იყო ჩვენი მხრიდან, მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლევათ პატარა და ახალ პარტიებს, რომ მოხვდნენ 2020 წლის პარლამენტში. დღესაც არიან ჩვენს გუნდში ადამიანები, ვინც ემხრობა პროპორციულს, ვინც შერეულს და ვინც სრულად მაჟორიტარულ სისტემას. 2012 წელსაც ეს საარჩევნო სისტემა იყო ანუ დააბრალო საარჩევნო სისტემას არჩევნებში მოგება ან წაგება, ეს არის არასწორი. დაველოდოთ არჩევნებს და არჩევნების გზით მოსახლეობა მიიღებს გადაწყვიტლებას, რომელი პოლიტიკური პარტია იხილოს პარლამენტში,“ – განაცხადა კალაძემ.
ხელისუფლებამ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დილის 05:00 საათზე დაშალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.
აქციის მონაწილეები კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.