როგორ დაიგეგმა ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი

580

ადიგენის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 6 415 800 ლარის დახარჯვას ითვალისწინებს. წინა წელთან შედარებით, ეს თანხა მილიონი ლარით მეტია. მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამი მთავარი პრიორიტეტი მმართველობითი ხარჯები, ინფრასტრუქტურა და განათლებაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

მომდევნო წელს ყველაზე მეტი, 2 294 000 ლარი, მერიისა და საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას მოხმარდება(მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯები).

შემდეგი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რისთვისაც ადიგენის მერია 2 174 600 ლარს ითვალისწინებს. აქედან გზების მოვლა–შენახვისთვის – 620 000, კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის – 698 000, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის კი 588 900 ლარია განსაზღვრული.

ბიუჯეტის პროექტით, 612 000 ლარი დაიხარჯება განათლებაზე. თანხა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მოხმარდება.

„მუნიციპალიტეტში სულ 800 სამი წლის ზემოთ და სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 10 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 650 ბავშვის სწავლება. ხოლო 120 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში, რომელშიც ასევე ახსნილია, რატომაა საჭირო ბაღის აღმზრდელების გადამზადებაც, – „შესწავლილი იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ საბავშვო ბაღის დამთავრებული 160 ბავშვიდან მხოლოდ 30 პროცენტი აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს. რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული“.

ბიუჯეტის სხვა ხარჯები ასე გამოიყურება:

მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 502 300 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 421 400 ლარი, სოციალურ პროგრამებში დაიხარჯება, 80 000 ლარს კი ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური მიიღებს.

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტში 430 900 ლარია გაწერილი. აქედან სპორტის ხელშეწყობას – 166 100, კულტურის განვითარებას – 202 800, ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობას კი 50 000 ლარი მოხმარდება.

გარემოს დაცვისთვის 2020 წელს 401 900 ლარი გამოიყოფა. თანხა ადიგენის დასუფთავების სამსახურს გადაერიცხება. ბიუჯეტის პროექტში არაფერია გამოყოფილი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.