მარნეულის თვითმმართველობაში შრომითი ანაზღაურება, 2019 წელთან შედარებით, 352 300 ლარით გაიზრდება

879

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისათვის 4 117 800 ლარი გაიხარჯება, როდესაც, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით შრომის ანაზღაურებაში 3 765 500 ლარი იყო გამოყოფილი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, 2020 წელს შრომითი ანაზღაურების ზრდა მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების ზრდასა და გარკვეულ პოზიციებზე ხელფასების მატებას უკავშირდება.

„შტატებია გაზრდილი, მაგრამ ჯერ ვაკანსიები გამოცხადებული არაა, 2020 წელს გამოცხადდება ვაკანსიები. შტატების გაზრდა ბიუჯეტის არეალის გაზრდას უკავშირდება. ბიუჯეტი ადრე 25, 26, 30, 31 მილიონი იყო, ახლა კი 45 000 000-ია და შესაბამისად მომდევნო წელსაც გაიზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტები იზრდება, სოფლის პროექტი განახლდა 2019 წლიდან და მომდევნო წელსაც გრძელდება, სკოლების რეაბილიტაციაა ჩვენთან გადმოცემული, ბავშვების სატრანსპორტო მომსახურეობაც ჩვენთანაა გადმოცემული, ანუ ბიუჯეტის არეალები გაიზარდა და შესაბამისად შტატებიც გაიზარდა“ – ამბობს ვუგარ მამედოვი.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით შრომითი ანაზღაურება 352 300 ლარითაა გაზრდილი.