პარლამენტის წინ ამ დროისთვის 10-მდე კარავია გაშლილი. ტერიტორიაზე იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. ამ წუთებში შენობის მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტარიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სულ დაკავებულია 37 პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართება.
დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.
გუშინ სპეცრაზმმა პარლამენტის წინ აქცია წყლის ჭავლით დაშალა. ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.
შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
პარლამენტის პიკეტირების გამო 15:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდა, მანამდე ვერ ჩატარდა ვერც კომიტეტების სხდომები. დემონსტრანტები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” ბიუროს სხდომა დაანონსა და სამართალდამცველებს მოუწოდა აქციის მონაწილეების მიერ ბლოკირებული პარლამენტის შენობის შესასვლელები გაეთავისუფლებინა.
აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. კვირას ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.