სუბარი: მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას

739

მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა “ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მას მაშინაც ეს აზრი ჰქონდა, როცა “ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება გასცა.

“რადგან დავპირდით, ძალიან ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ხმას აძლევენ იმას, რაც მათი აზრით სწორი არის, ამის გამო დაიწყო რევოლუციაზე ლაპარაკი, ეს არის გაუგონარი. მე მაშინაც კი, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხმამაღლა განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, საჯაროდ ვამბობდი, რომ მიმაჩნია, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, რადგან მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას. ჩვენი მხარეები, ჩვენი კუთხეები იმსახურებს იმას, რომ მათ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.