რადიკალური პიკეტირება გაგრძელდება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „პოლიციის ძალით მშვიდობიანი დემონსტრანტების გარღვევა არის პუტინიზმი“.
„მსგავსი უგუნურება არ მინახავს. რამდენი ხანი უნდა იდგეს ეს ხალხი აქ? კანონის მიხედვით, როდესაც ადამიანების რაოდენობა მეტია, ვიდრე ტროტუარი იტევს, ავტომატურად კანონით მოვალეა ეს ძვირფასი ხალხი, გაიწიოს და დააყენოს აქ ადამიანები. პიკეტირება რადიკალური გაგრძელდება და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის, რაც ახლა მოაწყვეს, იმის საპირწონე არის, რომ იმ ვიგინდარა თალაკვაძემ ჩაატაროს ბიუროს სხდომა, მაშინ ის იდიოტია და ქვეყნის მართვას უნდა ჩამოაშორო, რადგან ეს არის საერთაშორისო სირცხვილი. რაც გააკეთეს, არის პუტინიზმის გაფორმება, არჩევნების გაუქმება. პოლიციის ძალით მშვიდობიანი დემონსტრანტების გარღვევა არის პუტინიზმი და გამარჯობა პუტინის რუსეთში. პუტინის რუსეთში, რომელიც გააფორმა ივანიშვილმა. აი ეს ხდება დღეს და ძალიან გული მტკივა იმ პოლიციელების ნაცვლად, რადგან ესენი არიან ბრმა იარაღი ივანიშვილის პირადი ინტერესების“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ასევე აიღო პარლამენტიოს წინ გაშლილი კარვებიც. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების თავისუფლების მოედნისკენ გაყვანას ცდილობენ.
ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.
შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.
აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.