მდინარაძე: ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ

528

ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ ბიუროს სხდომასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელზე დასასწრებადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

მდინარაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა.

“უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“მე ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად პარლამენტმა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ გამართულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონდარღვევა – პარლამენტის შენობის ბლოკირება. შსს-ს განცხადება, ამ მხრივ, აბსოლუტურად რელევანტურია. ეს არ არის მხოლოდ შსს-ს პოზიცია. ასეთი იყო აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს. პოლიციასა და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

პირადად მე სრულად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების ორივე ნაწილს. თუ საუბარია იმაზე, რომ ვერ მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულება, ამაში მე ვიზიარებ მათ პოზიციას, თუმცა ეს კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, “ევროპულმა საქართველომ” ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.