სააქციო საზოგადოება”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” უფლება მიეცა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, მოქალაქე უშანგი აფციაურს მიწის ნაკვეთი იძულების წესით ჩამოართვას. ამის შესახებ ინფორმაციას მეცხრე არხი ავრცელებს.
ადგილობრივის ტერიტორიაზე “ახალციხე-ბათუმის” 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემმა ხაზმა გაიარა. პროექტის ფარგლებში მოექცა უშანგი აფციაურის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი – 58 კვ. მეტრი. “მას მიეცა მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზეც მოქალაქემ უარი განაცხადა.
“ვერ მოხერხდა შეთანხმება გამოსყიდვასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით. ექსპროპრიაციის განხორციელების მიუხედავად, მიწის მესაკუთრეებს გადაეცემათ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა“, – აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში.
ახალციხის მერის წარმომადგენელი ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ არ იცის. გიორგი ბლიაძის თქმით, “სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ შეთავაზებულ პირობებს, ფერსაში კიდევ ორი ადგილობრივი არ ეთანხმება.
“უშანგი აფციაური საზღვარგარეთაა, მინდობილობა მის შვილს აქვს და უარს ამბობდა მიწის დათმობაზე. ვისაც მინდორი ჰქონდა, 33 თეთრს სთავაზობდნენ. ვინც მიწას ამუშავებდნენ ან ხეხილი ჰქონდათ, იმათ უფრო მეტს”.
ახალციხე – ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება. მიზანია, რომ მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების – „შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება და ექსპორტი.
“რეგიონში ახალი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა,“- აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში.