“პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით” – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას. განცხადება მან ცოტა ხნის წინ თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
“სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს.
ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების, უფლება მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და უფლება მათი პოლიტიკური ნება ადეკვატურად და პროპორციულად აისახოს არჩევნების შედეგებში! ამ უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალებას ჩვენ მოქალაქეებს სწორედ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ართმევს!” – წერს ლომჯარია.
სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც…
Posted by Nino Lomjaria on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019
შეგახსენებთ, რომ
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.
ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.
დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.