“პატრიოტთა ალიანსი” კვირიდან უწყვეტ აქციებს იწყებს, ამასთან, ჩაგდებულ კანონპროექტს პარლამენტში ხვალ ხელახლა წარადგენს

689

“პატრიოტთა ალიანსი” პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტს იგივე ინიციატივით მიმართავს, რომელიც დეპუტატებმა დღეს ჩააგდეს. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ  იქნება მცირედი ცვლილება – 0%-იანი (0.67%) ბარიერის ნაცვლად იქნება 0.7%.

“მაგალითად, მცირედი ცვლილება იქნება ის, რომ ბუნებრივი ბარიერი 0,75% შეიცვლება ბარიერით – 0,7%-ით. ამ ცვლილებით შევიტანთ კანონპროექტს ხვალვე,”- აცხადებს ირმა ინაშვილი.

ამასთან, “პატრიოტთა ალიანსი” კვირას, 17 ნოემბერს უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს.

“სრულიად საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია, ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია… ჩვენ როგორც მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე, თუ ჩავარდებოდა კენჭისყრა, ქვეყანაში დაიწყებოდა კრიზისი, ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე გადავდივართ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარტიის ლიდერის თქმით, პირველი აქცია, კვირას, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს როგორც თავის ისე, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს.

ინაშვილის თქმით, აქციების პირველი და მთავარი მოთხოვნა  იქნება “ქართულმა ოცნებამ” დატოვოს ხელისუფლება.

“პირველი აქცია  ჩატარდება კვირას, საღამოს 5 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო ივერიასთან. მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს მშვიდად, ჭკვიანურად, ბრძნულად ვიმოქმედოთ. უნდა მოვიკრიბოთ ძალები, უნდა გავერთიანდეთ,  მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ და ყველა უნდა შევიკრიბოთ კვირას, 17 საათზე,”- განაცხადა ინაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.