“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს

447

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, იგი არის პრორუსი მოძალადე,- ეს განცხადება ქობულეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს შენობასთან გააკეთეს.

მათ პროტესტის ნიშნად აქცია პერფორმანსი გამართეს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა კომახიძე აცხადებს, დავით მჭედლიშვილი საკრებულოს თანამშრომლებს პირადად აფრთხილებდა, რომ 3 ივლისს პროდასავლურ აქციაზე არ წასულიყვნენ.

ლაშა კომახიძის თქმით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნების” რეალური სახეა.

“ერთ-ერთ მედიასაშუალებით ფაქტი დაფიქსირდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თანამშრომლებს აშანტაჟებდა, „ავერბორკებდა“ და მოუწოდებდა, რომ 3 ივლისს, თბილისში პროევროპულ აქციას არ დასწრებოდნენ, სწორედ ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. ადგილობრივები არ იმსახურებენ პრორუსულ, მოძალადე, ჯალათ თავმჯდომარეს საკრებულოში. დავით მჭედლიშვილმა პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც ვიცით, მან ეს თავადაც აღიარა. თავად თქვა, რომ ყველა გააფრთხილა, აქციაზე თანამშრომლები არ წასულიყვნენ. ასეთი პირები არ გვჭირდება ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ დავით მჭედლიშვილი “ქართული ოცნების” მმართველობის რიტორიკას გადმოსცემს. 3 ივლისის აქცია პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ არ იყო დაგეგმილი და დავით მჭედლიშვილი კი პროდასავლურ კურსს წინ უდგება”,- აცხადებს ლაშა კომახიძე.