ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე პოზიციას არ იცვლის: ბევრნი ვართ, დღეს უნდა მორჩეს

440

წინა სტატია

“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია, ამბობს, რომ პოზიციას არ შეიცვლის.

დეპუტატი აცხადებს, რომ მისი თანამოაზრეები “საკმაოდ ბევრნი” არიან და კენჭისყრის პროცესი დღეს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, მის აზრზე არ არიან მხოლოდ მაჟორიტარები. ამის შესახებ ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მე ვერავინ დამარწმუნებს და ვერც ჩემს თანამოაზრეებს იმაში, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას გრძელვადიან ქაოსში შეიყვანს”, — უთხრა მან ჟურნალისტებს.

გუშინ, 13 ნოემბრის სხდომაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა პარლამენტმა ისევ გადადო. ეს სურვილი უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გამოთქვა და პარლამენტის წევრები დაეთანხმნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. სხდომა დღეს, 14 ნოემბერს, 12 საათზე განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ ვერ შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის არჩევნებიც მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ამას ეწინააღმდეგებიან ის დეპუტატებიც, ვინც თვითონ არიან ამ კანონპროექტის ავტორები, მათ შორის არიან დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმეათასიან აქციაზე ითხოვდნენ, კენჭი 12 ნოემბერს უნდა ეყარათ. გუშინაც ვოლსკი იყო ინიციატორი კენჭისყრა უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჩატარებულიყო. გუშინ უმრავლესობის სხდომა ჩატარდა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ, აზრი არ შეიცვალეს.