პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა და, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდნენ.
ხუნდაძის თქმით, სხდომა საკმაოდ „ცხელი“ იყო.
„ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
კითხვაზე, რა გადაწყვეტილება მიიღო სხდომაზე გუნდმა, დეპუტატი ამბობს, რომ მიღებული იყო მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება.
„მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი. მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, ამის დათვლა მოხდება პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას, პირიქით, კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადება.
„უმრავლესობას არ ვტოვებ. ვაგრძელებ ბრძოლას, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები ავაცილოთ – ვემზადებით კანონპროექტის ჩასაგდებად“, – ამბობს ხუნდაძე.