ლანჩხუთის ხუთ სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მოეწყობა

586

საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-პროექტირება აქტიურად გრძელდება. ამჯერად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის 5 სოფლის – ქვემო აკეთის, ჭანჭათის, წიაღობანის, ღრმაღელესა და ჯურუყვეთის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტირებას იწყებს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „კაპიტალ გრუპ“-ის დირექტორმა სვეტლანა კოვალენკომ.

აღნიშნულ სოფლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ ეტაპზე, არ ოპერირებს. ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ჰქონია და წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, წყლის სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობას. აშენდება რეზერვუარები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

პროექტირებას 229 000 ლარი მოხმარდება, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაო ექვს თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივებს მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ლანჩხუთის ხუთი სოფლის მოსახლეობა, ჯამში 7 640 ადამიანი, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.