ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, გადასასვლელი ხიდის მშენებლობისთვის, წინასწარი კვლევის ანგარიშს საჯაროდ განიხილავენ. მოსახლეობას შეუძლია პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სკოპინგის, იგივე წინასწარი კვლევის ანგარიშის განხილვა სოფელ ივლიტის ბიბლიოთეკაში, 14 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება. მოსახლეობა მდინარე ივლიტისხევზე (მდ. ლერწიანაზე) არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად, ახალი ხიდის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს განიხილავს.
ხიდი ახალციხე-ვალის საავტომობილო გზასთან მდებარეობს. მის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება ნებისმიერ მსურველს აქვს. მოსახლეობას შეუძლია ხიდის მშენებლობისას გარემოზე მიყენებული ზიანის ან პირიქით, ხიდის საჭიროების შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.
რაც შეეხება წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებს, მათი წარდგენა გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 2019 წლის 19 ნოემბრამდეა შესაძლებელი.