კასპის სოფლებში, ხიდისყურსა და საქადაგიანოში წყლის სისტემა მოეწყობა

677

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების – ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირებას იწყებს.

როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „კაპიტალ გრუპ“-ის დირექტორმა, სვეტლანა კოვალენკომ.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ხიდისყურსა და საქადაგიანოში, ამ ეტაპზე, არ ოპერირებს.

„მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. არსებული ჭაბურღილი და რეზერვუარები ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურების მოწყობა. რეზერვუარების მშენებლობა და არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანდება მოსახლეობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დანაკარგს.პროექტირებისთვის 165 000 ლარია გამოყოფილი, კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაო ექვს თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის 2000-მდე მაცხოვრებელს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.