რატომ ჭიანურდება სოფელ უდაბნოში დაპირებული მზის სადგურის მშენებლობა

520

საგარეჯოს სოფელ უდაბნოში მზის პირველი ელექტროსადგურის ექსპლოატაციაში შესვლას, პროექტის განმახორციელებელი – “საქართველოს მზის კომპანია” მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავდა, თუმცა ჯერ ობიექტის მშენებლობაც არ დაწყებულა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

როგორც “საქართველოს მზის კომპანიის” ერთ-ერთი მფლობელმა, “სოლარ ფაუერ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა თამაზ კაპანაძემ განაცხადა, პროექტის გაჭიანურება ძირითადად კომერციულმა საკითხებმა გამოიწვია, რადგან აღნიშნული ობიექტის ინვესტორებს საქართველოს მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (PPA) გაფორმებული არ აქვთ, შესაბამისად, უდაბნოში აშენებული მზის სადგურის ელექტროენერგია ბაზარზე, სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა გაიყიდოს.

“მშენებლობის შემოდგომაზე დაწყება გვინდოდა, მაგრამ ახლა ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ. როგორც იცით, ჩვენ PPA არ გვაქვს, ამიტომ ძირითადი ახლა პოტენციურ მყიდველებთან (ვინც ამ სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას შეიძენს) ვაწარმოებთ მოლაპარაკებები. ჩვეულებრივ ვმუშაობთ. რუტინაში ვართ და ალბათ, სამ თვეში დავიწყებთ მშენებლობას”, – განაცხადა თამაზ კაპანაძემ.

რაც შეეხება ინვესტიციას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სადგური მთავრობისგან გარანტიას არ იღებს, წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის გარკვეული ნაწილის გარანტირებულად შეძენასთან დაკავშირებით, პროექტისთვის ინვესტორებმა კომერციული ბანკებიდან სესხით ვერ მოიზიდეს.

“ეს კერძო, უცხოური კაპიტალია. ჩვენი პარტნიორები პოლონელები და გერმანელები არიან. ახლა მიდის მოლაპარაკებები იმის შესახებ, პროექტისთვის ვინ რა თანხას დადებს. ძირითად პრინციპებზე მოლაპარაკებულები ვართ”, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: სოფელ უდაბნოში დაგეგმილი მზის სადგურის სიმძლავრე 5 მგვტ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია. გასული წლის ივლისში, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს “სოლარ ფაუერ ჯორჯიამ” გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” გამარჯვებულს, საკუთარი შვილობილი შპს-ის “საქართველოს მზის კომპანიის” 90%-იან წილი გადასცა.