ქარელში, დევნილთა დასახლებაში, აფეთქება მოხდა

609

სტატიის გაგრძელება

ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლების ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგნგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა.

„პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაზარალებულის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება დამწვრობის ცენტრში, სადაც შემთხვევიდან უმოკლეს დროში გადაიყვანეს. სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს დინამიკაში. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ დაშავებულს სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რამდენიმე საათში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება მის მდგომარეობაზე დაზუსტებით საუბარი”, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.

ფოტო: ნიუპოსტი