ფოთში სტადიონის დასრულების და სათადარიგო მოედნის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

749

წინ სტატია

ქალაქ ფოთის უეფა-ს მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოების, ასევე, სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 706 712 ლარია. ჯამში სტადიონი 5 500 მაყურებელზე იქნება განსაზღვრული. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის აშენებულია დასავლეთ ტრიბუნა, რომლის ქვეშაც განთავსებულია გასახდელები, მსაჯთა და ექიმის ოთახები, პრესცენტრი, სტუდია, დოპინგ კონტროლის, მატჩის კომისრის ოთახი, საკვები ოთახი და საზოგადოებრივი ტუალეტები. დასავლეთის ტრიბუნა 1700 მაყურებელზეა გათვლილი.

მოედანზე დაგებულია ბუნებრივი ბალახი და ნაწილობრივ მოწყობილია საინჟინრო კომუნიკაციები.

დარჩენილი სამუშაოების ფარგლებში უნდა მოეწყოს 1370 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთის ტრიბუნა, ამდენივე გულშემატკივრისთვის ჩრდილოეთ ტრიბუნა სხვადასხვა დანიშნულების ოთახებით. ტერიტორია კეთილმოეწყოს, გაკეთდეს ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონი.

სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე. მოხდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემების მონტაჟი. ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელე რეპორტაჟებისთვის.

სამხრეთ ტრიბუნაზე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების ლედ ტაბლო.