ფოთის ფეხბურთის მოედნის ნახევრად აშენებას 2.8 მილიონი და 6 წელი დასჭირდა

1449
დღეს მოედნის მხოლოდ ეს ტრიბუნაა აშენებული. სამი კიდევ ასაშენებელია.

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი: ელისო ჯანაშია

ექვსი წელია ფოთში ფეხბურთის მოედანი შენდება. დაიხარჯა 2.8 მილიონი ლარი, მშენებელი კომპანია სამჯერ გამოიცვალა და მოედანი ბოლომდე მაინც ვერ აშენდა. ადგილობრივი მთავრობა ამ პროექტის გამო პირველ ორ კომპანიას სასამართლოში ედავება და მილიონი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს.

მესამე კომპანია კი, რომელმაც საპორექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა, ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი შპს „ელიტა ბურჯია.“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს, რომ ფოთის მერიამ „ელიტა ბურჯს“ 1.75 მილიონი სამუშაოების დაწყებამდე, ავანსის სახით, დაუსაბუთებლად გადაურიცხა.

2013 წელს, ფოთის ფეხბურთის 100 წლიან იუბილესთან დაკავშირებით, ფოთის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პირობა დადო, რომ ფეხბურთელები 21-ე საუკუნის შესაფერისი სტადიონი ექნებოდათ. „მთავრობას ვთხოვე სტადიონისთვის თანხის გამოყოფა. როცა ფინანსთა მინისტრი გვსტუმრობდა, ჩვენ დავამტკიცეთ ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, გამოიყოფა 2,5 მილიონი ლარი და მალე “კოლხეთს” კოხტა სტადიონი ექნება. 21-ე საუკუნეში თამაშები შესაფერის არენებზე უნდა იმართებოდეს,”- ამბობდა ბესელია მაშინ.

ადგილობრივმა მთავრობამ მაჟორიტარის სიტყვების რეალობად ქცევა დააპირა და მოედნის პროექტი შპს „საუკისგან“ 110 ათას ლარად შეიძინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია უხარისხო იყო. წესით, ეს დოკუმენტები უხარისხო არ უნდა ყოფილიყო, რადგან მერიამ მისი შემოწმებისთვის შპს „ფოთის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზას“ 3.4 ათასი ლარი გადაუხადა.

შპს “საუკსა“ და შპს “ფოთის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზას“ ერთი ადამიანი, ზურაბ ჩოჩია ფლობს. ალბათ, კითხვაც აღარ უნდა, რატომ აღმოჩნდა საპროექტო დოკუმენტაცია უხარისხო.

დღეს მოედნის მხოლოდ ეს ტრიბუნაა აშენებული. სამი კიდევ ასაშენებელია.

პროექტის შესყიდვის შემდეგ ფოთის მერიამ მშენებლობის დაწყება განიზრახა. პირველი ტენდერი 2013 წელს შპს „ნიუ ქონსთრაქშენმა“ მერიამ კომპანიას სამუშაოების დაწყებამდე, ავანსის სახით, ნახევარი მილიონი ლარი მისცა. პროექტის საერთო ღირებულება კი 2.3 მილიონი იყო.

სამ თვეში მერიამ „ნიუ ქონსთრაქშენს“არაკეთილსინდისიერი საქმიანობისა და ვადების გადაცილებისთვის კონტრაქტი შეუწყვიტა. მთავრობა ახლა კომპანიისგან ავანსის სახით მიცემული თანხის დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვს.

2014 წელს მერიამ მომდევნო ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე მოედნის მშენებლობა შპს „ხიდს“ დაევალა. მერიამ ამ კომპანიასაც ავანსის სახით 700 ათასი ლარი მისცა.

ფოთის მერიას ისევ არ გაუმართლა, ეს კომპანიაც ვადებს აჭიანურებდა და ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მისი დამფუძნებელი თაღლითობისთვის დააკავა. გამოძიება მას ფოთის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისებას ედავებოდა.

სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თან იმ პირობით, რომ ფულს მერიას დაუბრუნებდა. ქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ დღემდე კომპანიას ერთი თეთრიც არ დაუბრუნებია.

შპს „ხიდს“ გასულ წლებში, ხელისუფლების დაკვეთით, ასობით ობიექტის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქვს შესრულებული. მათ შორის, 2000-2003 წლებში „საქართველოს რკინიგზის“ პროექტებს აშენებდა, 2004 წლიდან კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთებს ასრულებს. 2008 წელს ბათუმის საერთაშორისო ნავსადგურის რეკონსტრუქციაშიც მონაწილეობდა.

კომპანია პასუხისმგებლობით რომ არ გამოირჩევა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებაც მოწმობს. 2015 წელს დედაქალაქის მთავრობამ შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შეტანა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სთხოვა.

ბოლოს ფოთის ფეხბურთის მოედანს შპს “ელიტა ბურჯი” აშენებდა. სამუშაოების ღირებულება 1.9 მილიონი ლარი იყო. აქედან 1.75 მილიონი ლარი მერიამ წინსწრებით გადაურიცხა, მაშინ როცა შესრულებული სამუშაოს ჩაბარების მერე უნდა აენაზღაურებინა კომპანიისთვის.

შპს „ელიტა ბურჯი“ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიაა. 2012 წლის შემოდგომაზე მას სააკაშვილის მთავრობამ ანგარიშები დაუყადაღა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვასილ თოდუას თქმით, “ელიტა ბურჯმა“ პირველი ეტაპით ნაკისრი ვალდებულები შეასრულა და დასავლეთის ტრიბუნა ააშენა. დანარჩენი სამი ტრიბუნის მშენებლობაზე კი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს და ადგილობრივ მმართველობას ამასთან შეხება აღარ ექნება. კიდევ რამდენი მილიონი დაიხარჯება ამ პროექტზე, ან როდის დასრულდება მოედნის მშენებლობა ბოლომდე, მერიისთვისაც უცნობია.

დღეს მოედნის მხოლოდ ერთი ტრიბუნაა აშენებული. თუმცა, ფეხბურთელები იქ მაინც ვერ შედიან, რადგან არც აღჭურვილობაა შეტანილი, არც ინფრასტრუქტურაა გამართული. ფეხბურთელებს კი მოედნის გამოსაყენებლად, მისი ინვენტარით აღჭურვა სჭირდება.

ფოთის საფეხბურთო კლუბის, „კოლხეთი 1913“ დღემდე, უკვე თითქმის ხუთი წელია, ფოთის რაგბის მოედანზე ვარჯიშობს. თამაშებს კი ზესტაფონის მოედანზე ატარებს.

კლუბის პრესსამსხურის უფროსი, გია ეჯიბია ამბობს, რომ სხვა მოედნებს ქირაობენ, რაც გუნდს ფინანსურად აზარალებს. ფეხბურთელებს დაპირდნენ, რომ ახალ მოედანზე ვარჯიშს სექტემბრიდან შეძლებდნენ. მაგრამ ახლა ეჭვობენ, რომ ვერც სექტემბრამდე მოესწრება გარკვეული ხარვეზების ბოლომდე გასწორება და მისი ინვენტარით აღჭურვა.

ფოთის მერიაში კი დღემდე სჯერათ, რომ მათი ოცნება ახდება და ერთ დღეს ქალაქს 21-ე საუკუნის შესაფერისი მოედანი ექნება.

სტატია ქვეყნდება “ღია საზოგადოების” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.