სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017-2018 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტი არაეფექტურად გახარჯა.
„მარნეულის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლის სათანადო დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა. აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების მიერ მიღებულ არაეფექტიან გადაწყვეტილებებზე“, – წერია აუდიტის დასკვნაში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მარნეულის მერიას არ შეუსწავლია მის საკუთრებაში არსებული იურიდიული პირების საქმიანობის სარგებლობა და ასევე, სუბსიდირებისას არ მოუთხოვია შესასრულებელი სამუშაოსა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
აუდიტის ანგარიშში მოხვდა მერიის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით გაცემული ობიექტებიც. 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით მუნიციპალიტეტს სულ 29 ფართი ჰქონდა იჯარით გაცემული, რომელთა გაცემის დროსაც აუქციონის ფომრა მხოლოდ 2-ჯერ იყო გამოყენებული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პასუხისმგებელი პირის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული თუ რატომ მიენიჭა პირდაპირი განკარგვის ფორმას უპირატესობა.
ანგარიშში ასევე საუბარია მერიის წარმომადგენლების მიერ საწვავის არამიზნობრივ მოხმარებაზე, ტენდერების ვადებში შეუსრულებლობაზე, იჯარით აღებულ ობიექტებში დიდი თანხის გადახდასა და ა.შ.