2 თვის განმავლობაში ა(ა)იპ ახალციხის ციხიდან ოთხი თანამშრომელი წავიდა

1219

2 თვის განმავლობაში, ა(ა)იპ ახალციხის ციხიდან ოთხი თანამშრომელი წავიდა. სამსახური დატოვა ტექნიკური სამსახურის სპეციალისტმა, ექსკურსიამძღოლმა და ბავშვთა ოთახის ორმა მეთვალყურემ. ინგორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ისინი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდნენ.

“პერიოდულობით დატოვეს სამსახური – სექტემბრის შუა რიცხვებში ერთმა, სექტემბრის ბოლოს მეორემ. ექსკურსიამძღოლმა ორი კვირის წინ და ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი წინა კვირას წავიდა“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.

მისი თქმით, ვაკანტურ ადგილებზე ახალი თანამშრომლების აყვანას ამ ეტაპზე არ აპირებს, რადგან ტურისტული სეზონი სრულდება.

ოქტომბრის ბოლომდე, ანუ სეზონის დასრულებამდე კიდევ რამდენი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი დატოვებს სამსახურს, ამ ეტაპზე უცნობია.

“ველოდებით თვის დასრულებას, არ ვიცი კიდევ ვის შეუწყდება ხელშეკრულება. ამ ეტაპზე ის ვიცი, რომ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები აღარ დამჭირდება, რადგან სეზონი აღარაა. ჯერ კიდევ ვფიქრობთ და გადაწყვეტილება არ მიგვიღია ტურიზმის თანამშრომლებსა და ექსკურსიამძღოლებზე“, – ამბობს ტაბატაძე.

ახალციხის ციხეზე დროებითი ხელშეკრულებით 61 თანამშრომელი მუშაობს.

მიმდინარე წელს, ახალციხის ციხეზე, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა შვიდი შტატი, ექვსი თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ექვსიდან ორმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა. მათ შორისაა ვეფხვია სამსონიძე და ყოფილი საქმის მწარმოებელი მაია მაისურაძე, რომლის შტატიც გააუქმეს.

მოგვიანებით, 10 მაისს, ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომლიდან ხუთს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე, სამსახურში დაბრუნება შესთავაზა. აქედან სამსახურში მხოლოდ ოთხი მათგანი დაბრუნდა.