კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით შორაპნის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-ადაპტაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფცია მომზადდა.
“დოკუმენტი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობისა და არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ირგვლივ სამუზეუმო და შემეცნებით-გასართობი ტურისტული ზონის მოწყობას გულიხმობს, წინასწარი ეტაპია პროექტირების სამუშაობის, რომელსაც 2020 წელს კვლავაც სააგენტო უზრუნველყოფს.
შორაპნის საპროექტო ფართობის მასშტაბების გათვალისწინებით, კონცეფცია სამუზეუმო-ტურისტული ტერიტორიის სამ ძირითად ზონად დაყოფას ითვალისწინებს: ზონა 1- ვიზოტორთა ცენტრი – სივრცე, რომელსაც გამორჩეული ადგილმდებარეობა ექნება და რომლიდანაც მოხდება ციხესიმაგრისა და ტურისტული ზონის პირველადი ვიზუალური აღქმა. ვიზიტორტა ცენტრში იარსებებს მულტიმედიური შემეცნებითი მუზეუმი. აქვე მოხდება ტურისტების ინფორმირება და ტურების დაგეგმვა. სამუზეუმო სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იქნება მცირე ზომის რკინიგზის სადგური და სარკინიგზო ხაზი, სადაც ვიზიტორებისთვის წარმოჩენილი იქნება საქართველოს რკინიგზის განვითარების ისტორია. ზონა 2 – ციხესიმაგრე – რეაბილიტირებული სივრცე, სადაც არსებულ არსებულ წყლის რეზერვუარებში გათვალისწინებულია უნიკალური სამუზეუმო სივრცის მოწყობა ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის არტეფაქტების ექპონირებით. ტერიტორიაზე განთავსდება ინფრასტრუქტურულად მოწყობილი დასასვენებელი არეალები. ციხესიმაგრის ციტადელსა და „ელექტროელემენტის“ ერთ-ერთ შენობას შორის ნავარაუდევია ე.წ. „ზიპლაინი“-ს მოწყობაც. ზონა 3 – მიკროქალაქი – რენოვაციის გზით გაცოცხლებული დაბა შორაპნის ურბანული სივრცე, რომელიც ერთიანებს რკინიგზის თანამშრომელთა საცხოვრებელი უბანს „რკინიგზელთა დასახლება“-ს საკუთარი ინფრასტრუქტურით: სკოლა, საბავშვო ბაღი , თეატრი, ამბულატორია.
ამ სივრცის საორქმავლე-სავაგონო დეპოს შენობაში გათვალისწინებულია რკინიგზის მუზეუმის მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება რკინიგზის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები და ტურისტული ატრაქციები. დაგეგმილია თეატრის შენობისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება. მოხდება არსებული ხიდების რეაბილიტაცია. შორაპნის ციხე- ქალაქის ყველა ზონა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი გადაადგილებისთვის”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.