პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

554

პანკისის ხეობაში ახალი, 27 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იწყება. ”სამყურისწყალი 2″-ის მშენებლობას კომპანია “ფერი” 27 ნოემბრიდან დაიწყებს.

ფერის გენერალურმა დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის ინფორმაციით, ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით აშენდება. მისივე თქმით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ნებართვა კომპანიას უკვე აღებული აქვს.

იორდანიშვილი ამასთანავე არ გამორიცხავს, რომ “კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები”, როგორც ეს “ხადორი – 3”-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა, თუმცა ჰესს ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება, რადგან ის სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის “ხადორი – 3”-ის სამშენებლო სამუშაოების განახლება ადგილობრივებმა გააპროტესტეს, რომელმაც მოსახლეობის ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.