რიონის დასაცავად რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა, ვინც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, გაერთიანდა და ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ ერთობლივი პეტიცია შექმნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მწვანე ალტერნატივა ავრცელებს.
#გადავარჩინოთრიონი – პეტიცია საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, შეწყდეს „დამანგრეველი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა”, რადგან ისინი „საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას“.
„დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34-მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება“, – აღნიშნულია პეტიციაში, სადაც ავტორები დეტალურად მიმოიხილავენ როგორც ნამახვანის, ისე ონის ჰესების კასკადის ზეგავლენასა თუ საფრთხეებს, მათ შორის, სეისმურ რისკებს, უარყოფით გავლენას ფლორასა და ფაუნაზე, ტვიშისა და ხვანჭკარის უნიკალურ მიკროზონებზე, რაჭაში ცნობილი უწერის მინერალურ წყლებზე და ა. შ.
„არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა“, – აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციის პარალელურად, რეგულარული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლეჩხუმში, ნამახვანი ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ჰესის მშენებელმა თურქულმა კომპანია „ენკა რენიუებლზმა“, ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამზადებელი სამუშაოები და აფეთქებები დაიწყო. 2020 წლის ზაფხულში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ონის ჰესების კასკადის გასაპროტესტებლად ონში, მასშტაბურ აქციაზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.
ორივე ჰიდროელექტროსადგურის, ნამახვანისა და ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ, სასამართლოში შესულია სარჩელები არასამთავრობო ორგანიზაციების (მწვანე ალტერნატივა, საია) და ადგილობრივი მოსახლეობის ავტორობით. ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მოითხოვენ ჰესების პროექტებზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან ისინი კანონდარღვევით გაიცა – ისე, რომ „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისთვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისთვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვული“ კვლევები სრულყოფილად ჩატარებული არ იყო.
ნამახვანისა და ონის კასკადის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 2020 წლის გაზაფხულზე გასცა. ნამახვანის ჰესის შემთხვევაში კი უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების უფლებას აძლევს კომპანიას. თუმცა, მოსახლეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკითხს – რამდენად შეიძლება წინასამშენებლო, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ჩაითვალოს ის მასშტაბური აფეთქებები და გზის მშენებლობა, რომელიც ლეჩხუმში თურქულმა კომპანიამ უკვე დაიწყო.
რიონის გადასარჩენად შექმნილი პეტიციის მოთხოვნებია:
1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.
2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.
3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.
პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ.