ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ნამახვანჰესზე ისაუბრა.
„უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ნაკლები ძალისხმევა მოხდა იმ დროს მთავრობის, 2 წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა – ნამახვანზე. ალბათ მოსახლეობას ვერ აუხსნეს და შეიძლება პირობებიც იყო ისეთი, რომელიც მიუღებელი იყო, სუფთა ემოციურ დონეზე, ნებისმიერი ქართველისთვის.
მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მოგეხსენებათ, ენკამ განაცხადა, რომ გადის პროექტიდან და შეიძლება სახელმწიფოს ელაპარაკება და ჩემი განცხადება არ მინდა, რომ გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ.
ზოგადად, ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ. თუ ამა თუ იმ პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმ რეგიონისთვის, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს იმ რეგიონში, უნდა გავაკეთოთ. მათ შორის, ღიად ვთქვი და დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, რომ, რა თქმა უნდა, მე მაგალითად, არ მოვერიდებოდი სახელმწიფო ინვესტიციებს, სახელმწიფოს ჩარევას პირდაპირი ინვესტიციებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დიდი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის ენგური. დღეს თუ ვინმეს წარმოუდგენია, ენგური რომ არ არსებობდეს ჩვენს რეალობაში, რა პირობებში ვიქნებოდით.
მეც, როგორც რიგით მოქალაქეს, იგივე განცდა მქონდა, შეიძლება ეს ემოციაა უფრო მეტად და გაუცნობიერებელია, მაგრამ რატომაც არა, სახელმწიფოს შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს, ამის გამოცდილება არსებობს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, როდესაც საუბარია წინა ხელისუფლების მიერ უცხო ქვეყნისთვის გადაცემულ ენერგოსისტემაზე, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი უცხო ქვეყნისთვის იქნება გადაცემული.
„ერთია, როდესაც შენს საკუთრებაში არსებობს რომელიმე სტრატეგიული აქტივი და ობიექტი და მას შენი ნებით გადასცემ, უკვე აშენებულ ობიექტს გადასცემ, მითუმეტეს ქვეყანას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ შენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, ეს ერთი მთავარი და დიდი შეცდომა და მეორე ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ასეულ მილიონობით დოლარის ინვესტიციაზე, აქ, ბუნებრივია, ჩვენი რესურსებიც შეზღუდულია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. 800 მილიონიანი დოლარის პროექტის დაფინანსება, თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, საკმაოდ დიდი ტვირთია ჩვენთვის, თუმცა დიდი სარგებელიც არის და საბოლოო ჯამში, გადასახდელები იქნება ეს, თუ ბიპის ტარიფი და ა.შ. რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე კერძო ინვესტორის შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერმა.