აფხაზეთის დეფაქტო პრემიერმინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

573
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. მთავრობის მეთაურად ვალერი ბგანბა დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ უფლება-მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 9 ოქტომბერს შეუდგა. 10 ოქტომბერს მან „მინისტრთა კაბინეტი“ დაითხოვა.

„ახლად დანიშნულმა პრემიერმინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა დაამტკიცოს“,-  წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

66 წლის ვალერი ბგანბა მეორედ გახდა „პრემიერმინისტრი“. პირველად ეს თანამდებობა მან 2018 წლის 18 სექტემბერს დაიკავა. მაშინ რაულ ხაჯიმბამ ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მაშინდელი „პრემიერის“ – გენადი გაგულიას დაღუპვის შემდეგ დანიშნა. ბგანბამ თანამდებობა 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ დატოვა.

ბგანბა აფხაზეთის დეფაქტო​ პარლამენტის სამი მოწვევის წევრიაცა, 2012-2017 წლებში ის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე იყო, 2014 წლის მაისი-სექტემბრის პერიოდში კი დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა, ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.