დღეს, 9 ოქტომბერსდ, ოკუპირებულ სოხუმში გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია. ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ფიცი დე ფაქტო მთავრობის შენობის დარბაზში დადო.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლები.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 39 793 ხმა (47.39%) მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ – 38 766 ხმა. პარტია “ამცახარა”, რომლის კანდიდატიც იყო კვიცინია, ე.წ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე.