IDFI: 2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 9 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა თბილისის მერიამ დახარჯა

755

2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა – 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს – 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს (554,038 ლარი) ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები. 2018 წელს გაწეული ხარჯების სიდიდით (477,910 ლარი) ასევე გამორჩეულია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია.

მათივე ინფორმაციით, როგორც ქუთაისის, ასევე ბორჯომის მერიამ ამ ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვეს.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.

“ყველაზე მაღალი დანახარჯების მქონე პირველი 10 მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯები კვლევის ობიექტი 60 მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯული საერთო თანხის 76%-ს შეადგენს.

2018 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტთა სარეზერვო ფონდების ჯამური ხარჯის უდიდესი ნაწილი – 30% ფინანსურ დახმარებას მოხმარდა და მან 2,653,706 ლარი შეადგინა.

ფინანსური დახმარებების შემდეგ სარეზერვო ფონდებიდან ყველაზე მეტი თანხა (2,212,756 ლარი), სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდა.

საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1 367 811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა,”- ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა. მაგალითად, თბილისის მერიამ ვარდების მოედანზე განთავსებული 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად გამოყო 155 360 ლარი.

ასევე, ცალკეულ შემთხვევებში სარეზერვო ფონდები გამოიყენება კულტურული, სპორტული და საგანმანთლებლო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის 2,157 ლარად შეიძინა შეკვეთილში მდებარე ბლექსი არენა ჯორჯია საკონცერტო დარბაზის ბილეთები.

ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ეფექტიანი დაგეგმვა პრობლემურია როგორც გეგმიურ მაჩვენებელზე გადაჭარბების, ასევე მისი ვერ ათვისების თვალსაზრისითაც. მაგალითად, 2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან თანხა საერთოდ არ დაუხარჯავთ გორის, კასპის, ყაზბეგის, წალკის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებს, რომელთა სარეზერვო ფონდების საერთო გეგმიური ოდენობა 2018 წლის ბიუჯეტების მიხედვით 280 ათას ლარს შეადგენდა,”- ნათქვამია კვლევაში.

კვევაში აღნიშნულია, რომ საერთო ხარჯების 15%-ის შემთხვევაში  მათი მიზნობრიობა სრულად უცნობია. კერძოდ, 7-მა მუნიციპალიტეტის მერიამ (ქუთაისი, ბორჯომი, ქობულეთი, მარნეული, ლენტეხი, ცაგერი, ლანჩხუთი) სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 1,367,811 ლარის ხარჯების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდებიდან ფინანსურ დახმარებაზე თანხა სულ 24-მა მერიამ გამოყო.

„ამასთან, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ფინანსურ დახმარებებზე ყველაზე მეტი თანხა, 885 ათასი ლარი თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ამ თანხის უდიდესი ნაწილი, 798,900 ლარი 2017 წლის 22 ნოემბერს ქალაქ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი მე-6 შესახვევი, კორპუსი N9-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის (დაზარალებული ავტომანქანების აღდგენა, ოჯახების სასტუმროში განთავსება, დაზიანებული ბინების სარემონტო სამუშაოების და დაზარალებულ მოქალაქეთა სხვა კომპენსაციები) ფინანსურ დახმარებებს მოხმარდა“, – ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევაში განხილულ სარეზერვო ფონდების ხარჯვის ანალიზი ეფუძნება მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ და პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს. კვლევა მოიცავს 60 მუნიციპალიტეტს, რადგან 4 მუნიციპალიტეტის მერიამ არ გასცეს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაარღვიეს მესტიის, წალენჯიხის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთა მერიებმა.