ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება

354

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები დაკორექტირდება.

კერძოდ, იზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

“ქვეყნის გარეთ მივლინების დროს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება ერთიან სტანდარტთან. ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებაც იქნება გათვალისწინებული და დაახლოებით 37%-იანი ზრდა იქნება საშუალოდ ქვეყნების მიმართულებით, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, გამომდინარე იქიდან, რა რაოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში.

ძირითადად სამი კატეგორია იქნება. დღიურ ნორმებთან მიმართებაში ქვეყნის გარეთ იქნება 45, 60, 75 დოლარის ოდენობით, იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში რა ფასებია ცხოვრების დონის მიხედვით. გადაიხედება სასტუმროს ნორმებიც, რომელიც დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით, დაახლოებით იგივე პროცენტული ოდენობით. ეს ნორმები იარსებებს, როგორც საჯარო სექტორისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორთან მიმართებაში, ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადი“, – აღნიშნა მინისტრმა

განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.